logo
ENG



სტრასბურგმა "წვრთნების საქმეზე" დავით კეზერაშვილისთვის უფლების დარღვევა დაადგინა

05 დეკ 202413:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/05/oyumvtg0py9yi06.png

სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.

გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.

სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძის, საქართველოს ყოფილი პროკურორის შეყვანა იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც მოსარჩელის საქმეს განიხილავდნენ, საკმარისი იყო უზენაესი სასამართლოსა და მისი გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დასაყენებლად.

დავით კეზერაშვილმა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.

სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე გამოტანილი განაჩენის მსგავსია. კერძოდ, გიგი უგულავას "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე, რომელშიც უზენაესმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თანხის გაფლანგვაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა - გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო საქმის განხილვაში შალვა თადუმაძის მიუკერძოებლობის დამადასტურებელი არგუმენტების არარსებობა.

მასალა ახლდება

***

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, უშედეგოდ - გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. 

ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

ორ ინსტანციაში წაგებული საქმე პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როცა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო. შემდეგ მან ეს საქმე უზენაეს სასამართლოში მოსამართლის როლში განიხილა.

საქმეს სასამართლოში სამკაციანი კოლეგია განიხილავდა - შალვა თადუმაძის, ლევან თევზაძისა და მერაბ გაბინაშვილის შემადგენლობით. 

2021 წლის 7 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

 

 


close დახურვა